თბილისი (GBC) - დღეს, 31 ივლისს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა.

ჰამასის განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

BBC-ს ცნობით, ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰანიეზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება და რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს.

პალესტინური სააგანტო WAFA-ს ცნობით, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმო პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა. სხვადასხვა პალესტინურმა ორგანიზაციამ ჰანიეს მკვლელობის გამო პალესტინელებს მოუწოდა მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვისკენ.

ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.