თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ცნობები, თითქოს ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არაოფიციალური არხებით მიულოცა.
„დაუდასტურებელია (ინფორმაცია. რედ.)“, – უთხრა პესკოვმა რუსულ მედიას. ასეთი კომენტარი გააკეთა პესკოვმა გამოცემა „ვერსტკას“ მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რუსეთის სახელისუფლებო ელიტამ და მათ შორის პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება არა ოფიციალური ზარით არამედ „ნაცნობების მეშვეობით“ მიულოცეს.
აღნიშნულ გამოცემასთან ანონიმური წყარო, რომელიც ერთ–ერთი მაღალჩინოსანია კრემლში, ამბობს, რომ ტრამპს მილოცვები გაუგზავნეს საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა, სბერბანკის ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა, სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. კრემლთან დაახლოებული წყარო „ვერსტკას“ აცნობებს, რომ არაფორმალური მილოცვები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით გაგზავნეს.
თავად პესკოვი კი 6 ნოემბერს ამბობდა, რომ მისთვის უცნობია პუტინის გეგმები ტრამპისთვის მილოცვასთან დაკავშირებით.