თბილისი (GBC) – ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით თურქეთსა და ევროპას, 1–ლი მაისის მდგომარეობით, 63 მლრდ კბ/მ აზერბაიჯანული გაზი მიეწოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტი SOCAR–ზე დაყრდნობით წერს.

„2018 წლის 12 ივნისს ექსპლუატაციაში შევიდა TANAP, რომელიც საქართველო–თურქეთის საზღვრიდან ესკიშეხირამდე გრძელდება. 2024 წლის 1–ლი მაისის მდგომარეობით თურქეთსა და ევროპას 62,86 მლრდ კბ/მ გაზი მიეწოდა“, – აღნიშნეს კომპანიაში.

SOCAR–ის მონაცემებით, ამ პერიოდში თურქეთმა აზერბაიჯანისგან 26,95 მლრდ კბ/მ გაზი მიიღო, ევროპის ქვეყნებმა – 35,91 მლრდ კბ/მ.

TANAP, რომლის სიგრძეც 1 850 კმ–ს შეადგენს, აშენებულია აზერბაიჯანის შახ–დენიზის საბადოზე მოპოვებული გაზის ტრანსპორტირებისთვის საქართველო–თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთის საზღვრამდე.

გაზსადენის გამტარუნარიანობა 16,2 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს, საიდანაც 6 მლრდ თურქეთის დასავლეთის რეგიონებისთვის, ხოლო 10 მლრდ კბ/მ ევროპის ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი.