თბილისი (GBC) – თურქეთიდან კაპიტალის გადინებამ მარტში მკვეთრად იმატა, მიზეზებს კი ვერ ხსნიან სააგენტო Bloomberg-ის ავტორები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მუნიციპალურ არჩევნებს დაემთხვა და მკითხველს შეახსენებს, რომ ანალოგიური მოხდა ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ორშაბათს გამოქვეყნებული საგადამხდელო ბალანსის მონაცემების თანახმად, მარტში ფულის რაოდენობა (მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ფულის) თითქმის $10 მლრდ–ით შემცირდა, როგორც ეს გასული წლის მაისში მოხდა. კაპიტალის გადინებამ ზუსტად ამდენითვე შეამცირა თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები.

Bloomberg-ის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფულის გადინებას მუნიციპალურმა არჩევნებმა უბიძგა, რისი საფუძველიც ნეგატიური მოლოდინები გახდა იმის შიშით, რომ ხმების დათვლის შემდეგ მკვეთრი დევალვაცია შეიძლება მომხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ლირას კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური რჩებოდა არჩევნების შემდეგ და დოლართან წყვილში 0,5%–იც კი მოიმატა. ამაზე გავლენა ვერც იმან იქონია, რომ ადგილობრივ არჩევნებში, უმსხვილეს ქალაქებში, ერდოღანის პარტიამ წააგო.

როგორც წესი, ეკონომიკური არასტაბილურობისგან თურქები მყარი ვალუტით და ოქროთი იცავენ თავის ქონებას.