თბილისი (GBC) – თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ხარჯების კონტროლის ახალი მეთოდების შემუშავება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაიწყო. უწყების ხელმძღვანელმა მეჰმეტ შიმშეკმა განაცხადა, რომ ორ თვეში მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება, ხოლო წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი საბუღალტრო სისტემებში დაინერგება. მინისტრს თურქული გამოცემა Dünya ციტირებს. 

„ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით საბუღალტრო აღრიცხვისა და გაფართოებული ფინანსური ანალიზის პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია ხარჯების, ხარისხის, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის და სახელმწიფო ფულის ეკონომიის უზრუნველყოფა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაიზრდება სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობა, შეიქმნება რისკებზე ორიენტირებული საფინანსო აუდიტის ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზრდება შიდა და გარე აუდიტის ეფექტიანობა. მოსამზადებელ სამუშაოებს 2 თვეში დავასრულებთ, სისტემას კი 12 თვის განმავლობაში დავნერგავთ“, – თქვა შიმშეკმა.

„ხელოვნური ინტელექტი დეტალურად გააანალიზებს ჩვენს ხარჯებს, გამოავლენს ეკონომიის შესაძლებლობებს და რეკომენდაციებს მოამზადებს ხარჯებთან დაკავშირებით. არაეფექტიანი ხარჯების მუხლები გაუქმდება. ამასთან, მომსახურების ხარისხი და სიჩქარე ამით არ დაზარალდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.