თბილისი (GBC) - ევროპარლამენტი სამშაბათს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.

დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.

გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები 16 იანვარს სახლში ეწვივნენ ექსპრემიერ გიორგი გახარიასაც, რომელსაც, 14-15 იანვარს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯგუფურად თავს დაესხნენ.