თბილისი (GBC) – აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების გამო სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის.
"სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა! ამერიკა კვლავ დიდებული გახდება. მშვიდობა ძალის მეშვეობით", - წელს უილსონი.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს, რომელიც, როგორც წესი, მომავალი პრეზიდენტის მეუღლეს უჭირავს. ტრამპი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „საზეიმოდ ვფიცავ (ან ვადასტურებ), რომ ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, შევინარჩუნებ და დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი.
ცერემონიას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო.
ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ტრამპმა ინაუგურაციაზე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, ცერემონიას მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება.