თბილისი (GBC) - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში უკანონო ცვლილებები შეიტანა.
საიას შეფასებით, ამ ცვლილებებით დიპლომატიური სამსახური პარტიულ ინტერესებს სრულად ექვემდებარება, ხოლო დიპლომატიურ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს უმძიმდებათ უფლებრივი მდგომარეობა.
„ცვლილებების თანახმად:
დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს.
მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია.
ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიებისა.
„კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი „ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით.
ხაზგასასმელია, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროს” თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან".