თბილისი (GBC) - გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა დღეს თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს თვალი უნდა მიადევნონ მისმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა. მისი აზრით, თუკი საქართველო დამარცხდება, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, რუსული იმპერიალიზმი გაიმარჯვებს. "ეს არის უდიდესი საფრთხე არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. თუ საქართველო დამარცხება, სომხეთიც დამარცხდება, თუ საქართველო და სომხეთი დამარცხდებიან, მოლდოვაც დამარცხდება. ასე რომ, ყველა ეს ქვეყანა დაკავშირებულია და ყველა ეს პრობლემა და გამოწვევა დაკავშირებულია. სწორედ ამიტომ ველოდები ევროკავშირისგან მეტ ჩართულობას“, - აღნიშნა როთმა.

მიხაილ როთის თქმით, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები სამარცხვინოა.

„სამწუხაროდ, თქვენს ქვეყანაში სიტუაცია უარესდება, თავდასხმები ოპოზიციის ლიდერზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. ადამიანები თქვენს ქვეყანაში დემონსტრაციებს აწყობენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ევროპული ფასეულობებისთვის, მაგრამ პოლიცია სცემს მათ. ეს სამარცხვინოა, ამას არაფერი აქვს საერთო სტაბილურ დემოკრატიასთან, დაპირისპირება პარტიებს შორის, პარლამენტში, მთავრობაში, ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის დემოკრატიის არსია, მაგრამ მშვიდობიანად, ზეწოლის, დამცირების, ძალადობის გარეშე. ცხადია, რეჟიმის სტრატეგიას წარმოადგენს ის, რომ ზეწოლა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ ხმებზე, საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიაზე, ჟურნალისტებზე და ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა როთმა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ამიტომაც ვერავინ აარიდებს თავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს.

როთი ასევე ირწმუნება, რომ ავტოკრატიები ყველგან და ყოველთვის ერთსა და იმავე ინსტრუმენტებს იყენებენ: უმცირესობების დისკრიმინაცია, კრიტიკული ხმების ჩახშობა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა.

„აქ რეჟიმი ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან უხეში გზებით, ისინი ახორციელებენ უმცირესობების დისკრიმინაციას, განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობების და ებრძვიან თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. მაგრამ ხალხი არ ნებდება. ხშირად მსმენია: „ქუჩაში მხოლოდ 3 000 ადამიანი გამოვიდა, ან 5 000 ადამიანი გამოვიდა და ეს საკმარისი არაა“ - ჩვენთვის გერმანიაში ეს უზარმაზარი რიცხვია. ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც შობას სახლებში, ჩვენს ახლობლებთან ერთად აღვნიშნავდით, ათასობით ადამიანი იდგა ქუჩაში მკაფიო სიგნალის გასაგზავნად: ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ეს თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტია. მათ სურთ საქართველო დააბრუნონ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით შემაშფოთებელია ორი რამ: გაყალბებული არჩევნები და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა.

"ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაწერილია თქვენს [საქართველოს] კონსტიტუციაში, ასე რომ, არავის შეუძლია ხალხს უთხრას: „ვწუხვარ, მაგრამ ვაჩერებთ ევროკავშირისკენ სვლას“, - აღნიშნა როთმა და დასძინა, „მაგრამ მთავრობამ, თქვენი პარლამენტის უმრავლესობამ უგულებელყო ყველა პირობა. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ეს არ არის საჩუქარი, ან თამაში, ეს ძალიან სერიოზული რამ არის როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის. ასე რომ კანდიდატის სტატუსის საჩუქრად ჩათვლა, ან უმნიშვნელო რამედ ჩათვლა არის თქვენი კონსტიტუციის დარღვევა. ეს ორი რამ ცვლის ყველაფერს, აი რატომ არ შემიძლია ვაღიარო მთავრობა, ახალი პრეზიდენტი და პარლამენტარები. ვხედავ ნდობის და რწმენის უზარმაზარ ნაკლებობას თქვენი ქვეყნის მიმართ და ერთადერთი შანსი, რომ დაიბრუნოთ ნდობა და რწმენა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია“, - აღნიშნა როთმა.

გერმანელი დეპუტატის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია, ქართველ ხალხს უთხრას, რომ მარტო არ არიან.

მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ მხარი დავუჭირო სახელმწიფო გადატრიალებას, ან მაიდანს, მე აქ ვარ ჩემი, როგორც პარლამენტარის ვალდებულების შესასრულებლად. ე.წ. მთავრობა, რეჟიმი მაკრიტიკებს ჩარევის გამო. აქ ხალხს არანაირი ჩარევა არ სჭირდება, მათ არ სჭირდებათ მასწავლებლები, მათ არ სჭირდებათ რაიმეს სწავლება. მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ.

არცერთ პარტიას არ უთქვამს აქ ხალხისთვის მოეწყოთ დამოუკიდებელი მედიის გაფიცვა, არავის უთქვამთ მათთვის, მოეწყოთ სამ საათიანი, უამრავი დასაქმებულის საერთო გაფიცვა. ასე, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და დამოუკიდებელი. თქვენ მე არ გჭირდებით. აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ გითხრათ: თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თქვენს ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა როთმა.

მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე ხმამაღლა განაცხადა, "ჩვენ „ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ".

მიხაილ როთს მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა: სად დაუშვა შეცდომა დასავლეთმა „ქართული ოცნების“ კურსისა და პოზიციების შეფასებისას? - მან კი უპასუხა: „ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ოლიგარქის ხელში პარტია ჩვენს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერასდროს დააკმაყოფილებდა. მკაფიოდ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ ჩემი პარტიის ოჯახს მიეკუთვნებოდა. კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ. „ქართული ოცნება“ ევროკავშირში პროგრესული პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი იყო. ეს 2012 წელს დაიწყო და, რა თქმა უნდა, გვახარებდა ის, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები იყო და გვქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიას სურდა და შეეძლო ქვეყანა სწორი მიმართულებით წარემართა. მაგრამ, ყოველთვის როცა აქ ვიზიტით ვიყავი, საქართველოს პარლამენტიდან რამდენიმე კოლეგა მეუბნებოდა: შეხედე ამ უზარმაზარ შუშის შენობას გორაკის თავზე. მას ვერასდროს შეხვდები, მაგრამ ის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირია. ბატონი ივანიშვილი ამ ქვეყანაში დომინანტი ფიგურაა და რა თქმა უნდა, ის ძალიან მდიდარია“. როთმა აქვე დასძინა, რომ დასავლეთი „ქართული ოცნებას“ შანსს აძლევდა.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შანსი მივეცით და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა, რომ ისინი ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში აღარ მიგვეღო. იმიტომ, რომ მეც ისევე როგორც ბევრმა სხვამ გავაცნობიერეთ, რომ თქვენს ქვეყანაში არსებულ მსგავს ქცევას პროგრესულ პოლიტიკასთან, სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასე რომ, ჩვენ პარტიის სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ეს თვითკრიტიკის ნაწილია.

ჩვენ ჩუმად ვიყავით, როცა რეჟიმი „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ საუბარს იწყებდა. ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ეს რუსეთია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

16 იანვარი საქართველოში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების 50-ე დღეა, რომელიც მოჰყვა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ოცნება" არ აპირებს „2028 წლამდე" დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

მანამდე პროტესტი მოჰყვა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას. ოფიციალურ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კითხვები აქვს საერთაშორისო პარტნიორების ნაწილს.

მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების არაერთხელ დარბევისა და დაშლის ფონზე, 30 ნოემბერს აშშ-მ საქართველოსთან 15 წლის წინ დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის მიზეზი კი გახდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი მეთოდებით დარბევა და მთელი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული დაზიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

2024 წლის 23 დეკემბერს, ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ "სინანულით" საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეწყვიტა. 

"შევაჩერეთ მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება“, - წერდა მაშინ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე.

ამ ამბის შემდეგ, გერმანიამ რამდენჯერმე განმარტა 237 მილიონიანი ევროს პროექტების შეჩერება.

2024 წლის 27 დეკემბერს, საქართველოში გერმანიის საელჩომ გამოაქვეყნა დამატებით ინფორმაცია, სადაც ვკითხულობდით: „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ მხარდაჭერის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები...

ბურთი "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველის კარგი მომავლისათვის".