თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 603 ათასი შეადგინა, რაც 6.8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 402.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 47.4%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 47%-ს შეადგენდა.
2024 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (32%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 237.4 ათასი და 119.0 ათასი ვიზიტი.
2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.9 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.2 ღამე) 9.3%-ით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 98.2% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 675.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 14.15-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 22.5%-ით გაიზარდა და 1 120.8 ლარი შეადგინა.