თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 556.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 4.8 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ–ოქტომბერში, 8 088.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611.0 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 219.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 596.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.3 მლნ. აშშ დოლარი).