თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 9.3 პროცენტიანი მატება.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პ.პ-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.9%), რამაც 1.54 პ.პ შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.9%) და ძირითად ლითონებზე (3.6%). გარდა ამისა, ფასების 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.5 პ.პ შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.3 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.4%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.68 პ.პ - ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (11.8%) და სასმელები (9.1%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.9%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.07 პ.პ-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24პ.პ-ით იქონია გავლენა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები: