თბილისი (GBC) - ქალი სკოლის მასწავლებლების რიცხოვნობამ 2023 წელს დაახლოებით 56 000 შეადგინა, რაც 7-ჯერ აღემატება მამრობითი სქესის მასწავლებელთა რიცხოვნობას, - ამის შესახებ სტატისტიკურ პუბლიკაციას - „ქალი და კაცი საქართველოში“ საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, ქალები კაცებს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც აღემატება, თუმცა აქ გენდერული განსხვავებები ნაკლებად არის გამოხატული.

"განათლების ხელმისაწვდომობა, ყველა დონეზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ქალთა გაძლიერებაში. საქართველოში, შესაბამისი ასაკის ბიჭებისა და გოგოების წილი დაწყებით სკოლაში - დაწყებით კლასებში წმინდა ჩარიცხვა - კვლავ რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე. ბიჭები, უფრო მეტად, სწავლის შეწყვეტას იწყებენ სავალდებულო საბაზისო განათლების მიღების შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიულ განათლებას იღებს ბიჭებისა და გოგოების პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობა, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბიჭები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი შრომის ბაზარზე აქტიური ჩართვისთვის", -  აღნიშნული პუბლიკაციაში.

საქსტატის მტკიცებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაახლოებით 15.5 ათასი ბიჭი და გოგო სწავლობს. გოგოები, როგორც წესი, დომინირებენ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური კეთილდღეობის, ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის, მომსახურების პროგრამებზე, ხოლო ბიჭები წარმოადგენენ სტუდენტების უმრავლესობას ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობის, მომსახურების და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამებზე.

ქალებს უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უფრო მეტად სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებაში, მეცნიერების პროგრამებში. კაცები დომინირებენ საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო პროგრამებზე. ანალოგიური გენდერული განაწილება შეიმჩნევა დოქტორანტებშიც. ზოგადი განათლების მასწავლებლები წარმოადგენენ განათლების სექტორში დასაქმებულთა უმსხვილეს კატეგორიას.