თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 4.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.5%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.4 მილიონი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატი ირწმუნებ, რომ 2024 წლის IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 77.7% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.2% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.1% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ამასთან, 2024 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 263.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.8%-იანი წილით.

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (310.9 ათასი), თურქეთისა (276.5 ათასი) და სომხეთის (216 ათასი) მოქალაქეების მიერ.

საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორების უმრავლესობა, 47.5%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 38.8%-ს შეადგენდა.

ამასთან, 2024 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 43.6%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 803.3 ათასი და 426.3 ათასი ვიზიტი. 

სტატისტიკური სამსახურის მტკიცებით, 2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.05 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.95 ღამე) 1.9%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 79.4% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

2024 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 2 088.0 ლარი შეადგინა.