თბილისი (GBC) - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.4 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.3%), ზეთი და ცხიმი (2.8%), რძე, ყველი და კვერცხი (2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1%), პური და პურპროდუქტები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (1.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (1.4%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პ.პ-ით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.8%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პ.პ-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-4.2%), ისე ტანსაცმლის (-1.8%) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის მტკიცებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.03 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (11.5%), ზეთი და ცხიმი (10.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9%), თევზეული (1.9%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.3%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.41 პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (8.4%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.4%);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9%-ით, რაც 0.36 პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.5%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (3.9%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პ.პ-ით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.8%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5%) ქვეჯგუფებზე;

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პ.პ-ით აისახა; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1%-ით, რაც -0.12 პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.4%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.4%).