თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია. 

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.4 პროცენტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 2019/2020-2023/2024 სასწავლო წლებში სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღების მაჩვენებლები:

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1 პროცენტი, ხოლო კერძოში - 40.9 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2 პროცენტი ქალია, ხოლო 48.8 პროცენტი - კაცი.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სტუდენტების რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2019/2020-2023/2024 სასწავლო წლებში:

2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.1 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.9 პროცენტი - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა უმაღლესი განათლებით, 2019-2023 წლებში: