თბილისი (GBC) – რუსეთის დუმა შემოდგომაზე მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვას გეგმავს, რომელიც უცხოურ ბანკებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფილიალების გახსნის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ სააგენტო Reuters რუსეთის დუმის საფინანსო ბაზრების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აკსაკოვზე დაყრდნობით წერს. 

„უცხოური ბანკების ფილიალების გახსნის საკითხზე მომზადებული კანონპროექტის განხილვას შემოდგომაზე ვაპირებთ“, – თქვა მან პრეს–კონფერენციაზე.

რუსეთის მთავრობამ დუმაში კანონპროექტი გასულ კვირაში შეიტანა. ინიციატივის თანახმად, უცხოურ ბანკებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ რუსეთში ფილიალის გახსნა შეეძლებათ. ეს პირობებია სულ მცირე 1 მლრდ რუბლის საგარანტიო დეპოზიტი და დასაქმებულებს შორის უცხოელების წილი 50%–ს არ უნდა აღემატებოდეს.

რუსეთის დღევანდელი კანონმდებლობა ქვეყანაში უცხოური ბანკის ფილიალის გახსნის შესაძლებლობას არ იძლევა. ქვეყანაში მხოლოდ შვილობილი კომპანიის და წარმომადგენლობის ფუნქციონირებაა შესაძლებელი.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, როგორც აკსაკოვი ამბობს, უცხოური ბანკის ფილიალის გასახსნელად უფრო მარტივი პროცედურები დაწესდება, ვიდრე ეს შვილობილი კომპანიისა და წარმომადგენლობის შემთხვევაში მოქმედებს.