თბილისი (GBC) - ევროპარლამენტი ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, კენჭს უყრის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივ რეზოლუციას, რომლითაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ „უკრაინაში ომის დაწყებიდან, ევროპარლამენტმა რიგით მეოთხე რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ“, რის გამოც, მისივე თქმით, "ოცნების" გუნდი იმედგაცრუებულია. „რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

GBC პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა და დღეს მიიღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რიგით მეოთხე რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით.

გვახსოვს, როგორ გავოგნდით, როცა ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მიმთვისებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოგვინათლეს; როგორ გავბრაზდით, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივი ამოვიკითხეთ; როგორი იმედგაცრუებით გაგვეღიმა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეესტრში" აღმოვაჩინეთ, რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში თურმე ამერიკელი ლობისტები იყვნენ ჩართული.

თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო - აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია.

აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება. ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამასთან, როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს.

დაბოლოს, სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას. იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა" შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც. ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზიანებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ, ამ რეზოლუციით, ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში.

ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

ამავე დროს, გუშინდელმა განხილვამ ისიც აჩვენა, რომ, საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც იმედია, დროთა განმავლობაში, ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებს. მადლობა მინდა მათ გადავუხადო სწორი შეფასებებისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ ადამიანებს.

დასასრულ, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი", – განაცხადა პაპუაშვილმა.

2024 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპარლამენტის საიტზე საქართველოსთან დაკავშირებით განსახილველი 7 რეზოლუციის პროექტია ატვირთული.

მათგან ხუთი მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნებას", - როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას; თითქმის ყოველი მათგანი ითხოვს სანქციებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის.

ერთი მათგანი ითხოვს საქართველოს არჩევნებში ჩარევის დაგმობას „ყველა მხარისაგან“, - და ისიც აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიღებულ „აგენტების კანონსა“ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობას.

მხოლოდ ერთი - ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფის რეზოლუციის პროექტი - „სუვერენიტეტზე“ მითითებით იცავს „ქართულ ოცნებასა“ და მის პოლიტიკას. ამ უკანასკნელს მხოლოდ სამი სპონსორი ჰყავს.

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტის საიტზე გამოჩნდა ხუთი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციების პროექტის შეჯერების შედეგად შეთანხმებული ერთი, საერთო რეზოლუციის პროექტი.

ეს პოლიტიკური ჯგუფებია:

  • „განაახლე ევროპა“ (Renew)
  • „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR)
  • „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი (PPE)
  • „ევროპის თავისუფლების ალიანსი“ (Verts/ALE)
  • „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D)

კენჭისყრას კი წინ უძღოდა დებატები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, სადაც ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლო პერიოდში ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევა.

გუშინ, ევროპარლამენტის სხდომაზე სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობენ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, „მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს კანონები, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს”.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით კი ევროპარლამენტი მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მის პოლიტიკასთან, – „არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები”, – განაცხადა მან.

„ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის ცდილობს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რუსეთს", - განაცხადა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს ევროპარლამენტის საიტზე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ახალი მოკავშირეებიც: ძირითადად, ულტრამემარჯვენე და უნგრეთის პრემიერ–მინისტრთან ვიქტორ ორბანთან დაკავშირებული ჯგუფები.