თბილისი (GBC) - საკონსტიტუციო სასამართლომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო, შესაბამისი ინფორმაცია კი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე დღეს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

საკონსტიტუციომ განსახილველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სარჩელი ე.წ "რუსული" კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.

საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

აგენტების კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა.

მოსარჩელეები მოითხოვდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.