თბილისი (GBC) – რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ რუსეთის ბანკი და ფინანსთა სამინისტრო უცხოელებთან გაყინული აქტივების გაცვლის მექანიზმს ამზადებენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს.

„ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებები არც უცხოურ რეგულატორებთან, არც პოტენციურ უცხოელ მყიდველებთან“, – თქვა მან.

გარდა ამისა, ნაბიულინამ აღნიშნა, რომ რეგულატორი დასაშვებად მიიჩნევს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის როგორც შენარჩუნებას, ისე გაზრდას.

მისივე თქმით, უახლოეს სხდომაზე განაკვეთის დაწევა ნაკლებად სავარაუდოა.