თბილისი (GBC) – რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ rbc.ru-სთან ინტერვიუში ყველაზე მტკივნეულ სანქციებად ბანკების SWIFT-დან გათიშვა და კერძო ინვესტორების აქტივების გაყინვა დაასახელა.

მისი თქმით, SWIFT-დან გათიშვის საფრთხე 2014 წლიდან არსებობდა (მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. რედ.) და ამის გამო აქტიურად მუშაობდნენ ნაციონალური საგადახდო სისტემის შექმნაზე. საერთაშორისო რეზერვებში კი ნაბიულინას უწყებამ დივერსიფიცირება მოახდინა და იუანისა და ოქროს წილი გაზარდა.

„ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა ძალიან ნეგატიური სიგნალი იყო ყველა ცენტრალური ბანკისთვის, იმიტომ, რომ ამით დაირღვა რეზერვების დაცულობის საბაზისო პრინციპები“, – განაცხადა ნაბიულინამ.

მისი თქმით, რეგულატორს მცურავი კურსი და მკაცრი სავალუტო შეზღუდვები დაეხმარა, რასაც 2022 წლის გაზაფხულზე მიმართეს.

„სწორედ რომ პრობლემა გახდა საერთაშორისო გადახდები. ეს დღესაც პრობლემურ საკითხად რჩება. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული პრობლემა გახდა კერძო პირების აქტივების გაყინვა, მილიონობით ადამიანის, რომლებიც სანქციებში არ მოხვედრილან, მაგრამ აქტივები გაეყინათ“, – აღნიშნა ნაბიულინამ.

დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით, ქვეყნის რეზერვები, მთლიანობაში $300 მლრდ გაყინეს. ევროპაში რუსეთის გაყინული რეზერვების კონფისკაციას და მისი უკრაინისთვის გადაცემის საკითხს აქტიურად განიხილავენ.