თბილისი (GBC) – უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან ორი წლის თავზე ფრონტზე რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა რუსებს $350 მილიონის ღირებულების თვითმფრინავი А-50У გაუნადგურეს, რომელიც კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამ ფაქტს ბევრი რუსული წყარო ადასტურებს სოციალურ ქსელებში, მათ შორის Z-პროპაგანდიტები. ვრცელდება თვითმფრინავის ვარდნისა და დაცემის ადგილზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი კადრები.
კრასნოდარის ოლქში „დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩამოვარდა“, განუცხადეს პროკრემლისტურ მედიას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ინციდენტის ადგილზე სელი იწვის.
რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი 2 საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი თქმით, ამ თვითმფრინავების მარკა და კუთვნილება ჯერ დაუდგენელია. თვითმხილველებიც ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წერენ.
შემთხვევა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს, დასახლება ტრუდოვაია არმენიასთან მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო А-50У–ს ჩამოგდებასთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს.
რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებული მილიტარისტული ტელეგრამ–არხი Fighterbomber წერს, რომ „ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი“.
А-50 შექმნილია Ил-76-ის ბაზაზე და მისი დანიშნულებაა შორ მანძილზე რადიოლოკაციური დაფიქსირება და მართვა. რუსეთი ასეთ თვითმფრინავებს აღარ აწარმოებს.
თვითმფრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, გამოცდილი პილოტები იმყოფებოდნენ. ასეთი კვალიფიკაციის მფრინავების მომზადება მარტივი საქმე არ არის.
ანალოგიური თვითმფრინავი უკრაინელებმა რუსებს 14 იანვარსაც ჩამოუგდეს.
სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგია, რადგან А-50 მოდერნიზებული მფრინავი რადარია, რომელსაც დიდ მანძილებზე შეუძლია ობიექტების დაფიქსირება.