თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8.8%-იანი მატება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.02 პ.პ-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.2%), რამაც -0.13 პ.პ შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5%) და სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე (-0.7%). გარდა ამისა, ფასების 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.05 პ.პ შეადგინა.
12 -თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.6%ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.21 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (23%);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.55 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.1%) და ძირითადი ლითონები (10.2%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.79 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 9.6%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.23 პ.პ-ით იქონია გავლენა.