თბილისი (GBC) - ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ხუთშაბათს ღამით თქვა, რომ "უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა დაეწყო" და დასძინა, რომ „ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ ორგანიზაციას, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს“.

„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა: „მინდა, ვიბრძოლო“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის, პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა.

„შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აღჭურვილობის გაგზავნა. მათ ჰქონდათ სიმამაცე, გამოეყენებინათ ეს აღჭურვილობა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის ომის, რომელიც უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ ათასობით უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

"პუტინსაც არ უნდა გაეკეთებინა ეს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ეს უნდა შეწყდეს", - განაცხადა ტრამპმა.

ხუთშაბათს, 23 იანვარს, ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა, "რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია".

მან აღნიშნა, რომ ნავთობის ფასები ძალიან მაღალია და ეს საშუალებას აძლევს რუსეთს, გააგრძელოს უკრაინასთან კონფლიქტი. ტრამპმა მოუწოდა ნავთობის მსხვილ მწარმოებლებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და OPEC-ის ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება და შეამცირონ ფასები, რათა დასრულდეს ბრძოლა.

„მე ვთხოვ საუდის არაბეთს და OPEC-ს, შეამცირონ ნავთობის ფასი. ის უნდა დაიწიოს! თუ ფასი დაეცემა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბარელი ნავთობის ფასი ახლა დაახლოებით 80 დოლარია. ტრამპის გამოსვლისას ნავთობის ფასი დაახლოებით ერთი დოლარით დაეცა.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიადმა უკვე გამოაცხადა შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციების შესახებ. მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს მაჩვენებელი ტრილიონამდე უნდა დამრგვალდეს, რადგან შეერთებული შტატები საუდის არაბეთის მიმართ „ძალიან კეთილი იყო“.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, ის იმედოვნებს, რომ მალე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ტრამპის თქმით, უკრაინა „მზადაა შეთანხმებისთვის“.

პრეზიდენტი კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ დეტალებს არ ასახელებს.