თბილისი (GBC) – მმართველი პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის, გასულ კვირაში საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – თქვა პაპუაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი, პირველ შემთხვევაშიც, ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო. იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
2023 წლის 18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა საკმარისი ასი დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტმა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.