თბილისი (GBC) – თურქეთმა BRICS–ის პარტნიორობაზე შეთავაზება ოფიციალურად მიიღო. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ციტირებს.
თურქეთმა BRICS-ის წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად სექტემბრის დასაწყისში შეიტანა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 2 სექტემბერს წერდა.
მანამდე თურქეთის ელჩმა ჩინეთში ისმაილ ჰაკი მუსამ განაცხადა, რომ თურქეთის სურვილი, გაწევრიანდეს BRICS-ში, მის ევროპულ მისწრაფებებს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ევროკავშირში შესვლა ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.
თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმეთ შიმშეკმა კითხვაზე, თუ რატომ არ არის თურქეთი რუსეთისა და ჩინეთის თაოსნობით შექმნილი ორგანიზაცია BRICS–ის წევრი, უპასუხა, რომ ანკარის ძირითადი პარტნიორი ევროკავშირია და თურქეთი ევროკავშირთან არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე უარს არ იტყვის.
აღნიშნული ორგანიზაცია 2006 წლიდან იღებს სათავეს და მისი შექმნის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო. თავდაპირველად ორგანიზაციაში, რომლის მიზანსაც მრავალმხრივი ოთხმხრივი პარტნიორობის განვითარება წარმოადგენდა, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი გაწევრიანდნენ. 2011 წლიდან ორგანიზაციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც გაწევრიანდა.
მანამდე BRICS–ში გაწევრიანების განაცხადი აზერბაიჯანმაც გააკეთა.
თურქეთის რესპუბლიკა 1952 წელს შევიდა NATO-ს შემდაგენლობაში.