თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს და შეუძლია ენერგორესურსების ფასი შეამციროს".
კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ის, ვისაც ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს ნამდვილად პუტინზეა დამოკიდებული. მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ბევრად უფრო მეტად ეს აშშ-ზეც არის დამოკიდებული. მედიაში პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინე, რომ ენერგორესურსებზე, ნავთობზე ფასების შემცირებას ფიქრობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების შესაძლო შემცირების შესახებაც ისაუბრა.
„თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, დავმარცხდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს გადარჩენისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ასე იქნება, თუ მსგავსი არჩევანი ამერიკული არჩევანი იქნება, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ რა უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, გუშინ, 19 ნოემბერს, ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეათასე დღეს ონლაინ რეჟიმში მიმართა ევროპარლამენტს.
მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმარონ, რათა ომი დასრულდეს, კერძოდ, გაამკაცრონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
„რუსეთის მხრიდან ყოველ დარტყმას და ყოველ საფრთხეს უნდა შეეგებოს მკაცრი სანქციები. უკვე ათასი დღეა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადიკალურად შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები, ნავთობის გაყიდვის ხარჯზე დააფინანსოს თავისი ომი. ნავთობი - ესაა პუტინის რეჟიმის სასიცოცხლო ძალების წყარო. ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი კი ის, რაც ხელს უწყობს მის სიცოცხლეს. სანამ ეს ტანკერები მუშაობენ, პუტინი განაგრძობს კვლას. მკაცრი სანქციები აუცილებელია“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა რუსეთის იძულება, დათანხმდეს მშვიდობას.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაივიწყოთ, რაზეა ლაპარაკი, რისი ბედი წყდება. ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ვაიძულოთ რუსეთი, წავიდეს სამართლიან, რეალურ მშვიდობაზე. ჩვენ წამოვაყენეთ მშვიდობის ფორმულა და მადლობას ვუხდი ყოველ პარტნიორს ევროპაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ფორმულას. რუსეთს უნდა დავაძალოთ მშვიდობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის წინაშე ვიდეოჩართვით საუბრისას.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა კიევისკენ ტანკები დაძრა.
2024 წლის 19 ნოემბერს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. ომი გრძელდება.