თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ".

„ყველამ ვიცით, უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ომის დროს არჩევნები ჩატარდეს. მსოფლიოში უკრაინისგან ეს არავის მოუთხოვია და არც ითხოვს. უკრაინას პირველ რიგში სამართლიანი მშვიდობა სჭირდება, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინაში არიან ადამიანები, რომელთაც ქვეყნის შიგნით ბრძოლა უფრო სურთ, ვიდრე სახელმწიფოსთვის.

„მათ პოლიტიკური დებატები სანგრებშიც სურთ, ისევე როგორც ტელესტუდიებში. ეს უკრაინისთვის დამღუპველია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა კიევისკენ ტანკები დაძრა. 

2024 წლის 19 ნოემბერს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. ომი გრძელდება.