თბილისი (GBC) – ოფიციალური ერევანი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ურთიერთობების დივერსიფიცირებას ცდილობს. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთთან მიმართებით სომხეთი გათვლას ეკონომიკაზე აკეთებს, აშშ–თან – დიპლომატიურ მხარდაჭერაზე, საფრანგეთთან კი აქტიურად ავითარებს სამხედრო თანამშრომლობას. შესაძლოა საფრანგეთმა კურირება გაუწიოს სომხეთის გზას ნატო–ში, თუ სომხეთი საბოლოოდ გადაწყვეტს კუხო–დან გასვლას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირებს გაამყარებს. 

ამასობაში, სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულზეა. გასულ წელს რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 55,8%–ით, $7,4 მილიარდამდე გაიზარდა. მიმდინარე წელს კი ამ მაჩვენებლის ზრდა დაჩქარდა. მხოლოდ პირველ 6 თვეში სავაჭრო ბრუნვამ $8,4 მლრდ შეადგინა და ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე შესაძლოა 14–16 მლრდ დოლარამდეც გაიზარდოს. ანალიტიკოსების აზრით, სომხეთი სწორედ ამიტომ არ ჩქარობს რუსეთთან კავშირების გაწყვეტას.

ამასთან, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების უმცირეს შანსს მაინც დაინახავს და დარწმუნდება, რომ ამასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების მართვას შეძლებს, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს“.

რაც შეეხება კუხოს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს სამხედრო–პოლიტიკური ორგანიზაცია სომხეთის უსაფრთხოებისთვის, სამომავლოდ მისი არსებობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხეებს ქმნის

„სომხეთმა კუხო–ში მონაწილეობა გაყინა, რადგან ამ სტრუქტურამ რესპუბლიკის სუვერენიტეტს საფრთხეები შეუქმნა, – განაცხადა ფაშინიანმა. – სომხეთი ახლოსაა კუხო-სთან ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტასთან“. სომხეთის პრემიერმა დასძინა, რომ ერევანი არ აპირებს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას არც რუსეთთან და არც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან.