თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს, რომელიც, როგორც წესი, მომავალი პრეზიდენტის მეუღლეს უჭირავს. ტრამპი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „საზეიმოდ ვფიცავ (ან ვადასტურებ), რომ ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, შევინარჩუნებ და დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი.
ცერემონიას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო.
ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ტრამპმა ინაუგურაციაზე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, ცერემონიას მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია.
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს
„ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, - განაცხადა ტრამპმა.
Reuters წერს, რომ დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო დაპირება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მილიონობით მიგრანტს დააზარალებს.