თბილისი (GBC) - CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ.

„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა.

„მცირე მთავრობა, მეტი ეფექტურობითა და ნაკლები ბიუროკრატიით, იქნება შესანიშნავი საჩუქარი ამერიკისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას მიაღწევენ!”- განაცხადა ტრამპმა.

ილონ მასკის თქმით კი ახალი დეპარტამენტი შოკის მომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში.

„ეს შოკის მომგვრელ ტალღებს გადასცემს სისტემას და ნებისმიერს, ვინც მონაწილეობს სამთავრობო გაფლანგვაში, რაც უამრავი ადამიანია!“ - აღნიშნა მასკმა.

მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის კომპანიების შემადგენლობა მოიცავს ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს.

რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც კენჭს იყრიდა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, მაგრამ მოგვიანებით საარჩევნო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.